აარონ ბეკი (დაიბ. 1921 წლის 18 ივლისში) – ფსიქიატრი, პენსილვანიის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრის პროფესორი. ითვლება კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის მამამთავრად. თავდაპირველად მან ფსიქოანალიტიკური მომზადება გაიარა, მაგრამ ფსიქოანალიზით იმედგაცრუების შემდეგ შექმნა დეპრესიის საკუთარი მოდელი და აფექტური აშლილობების მკურნალობის ახალი მეთოდი, რომელსაც კოგნიტური თერაპია უწოდეს. ა. ბეკმა თავის მონოგრაფიაში “კოგნიტური თერაპია და ემოციური აშლილობები” (1976) წამოაყენა ფუნდამენტურად ახალი მიდგომა ემოციური აშლილობების შესწავლასა და მკურნალობაში: “ფსიქოლოგიური პრობლემების ანალიზისა და გადაჭრის გასაღები არის პაციენტის გონებაში.” 1994 წელს ფილადელფიაში პროფესორმა აარონ ბეკმა და მისმა ქალიშვილმა პროფესორმა ჯუდიტ ბექმა დააარსეს ბეკის კოგნიტური თერაპიისა და კვლევის ინსტიტუტი. ამ ინსტიტუტის მთავარი მისიაა კოგნიტური ფსიქოთერაპიის სასწავლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება. აარონ ბეკი ამ ორგანიზაციის საპატიო პრეზიდენტია. არის 600 სამეცნიერო სტატიისა და 25 წიგნის ავტორი.