ფსიქოთერაპია.

როგორ გვეხმარება კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია

არსებული პრობლემებიდან გამომდინარე კლიენტი და თერაპევტი ერთობლივად ახდენენ თერაპიული მიზნების განსაზღვრას. ეს მიზნები მიმართულია კლიენტის ქცევითი თუ ემოციური პრობლემების შემცირებასა და გადაჭრაზე. ფსიქოთერაპიული პროცესის არსი შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც კლიენტის სირთულეების გადაჭრისაკენ მიმართული მიზნების მიღწევის პროცესი. კლიენტი აქტიურადაა ჩართული ამ მიზნების განსაზღვრის პროცესში, მათ ფორმულირებასა და მათი მიღწევის გზების გამონახვაში. თერაპიის საწყის ეტაპებზე განსაზღვრული მიზნები ეტაპობრივად შეიძლება შეიცვალოს და დაზუსტდეს კლიენტის საჭიროებებიდან გამომდინარე. განსაზღვრული, კონკრეტული და მიღწევადი მიზნების გადაჭრისაკენ მიმართული ერთობლივი მუშაობა თერაპიის კურსის დასრულებამდე გრძელდება. კონკრეტულ მიზნებზე ორიენტირება თერაპიას აქცევს ეფექტურ, თვალსაჩინო პროცესად და იცავს კლიენტს მისი დროის უსარგებლო ხარჯვისაგან.

მიზნების განსაზღვრის შემდეგ თერაპიის პროცესი მიმართულია ამ მიზნების მიღწევასა და შესრულებაზე. კლიენტი თერაპევტის მხარდაჭერითა და დახმარებით იწყებს თერაპიული მიზნების მიღწევას. თერაპევტი კლიენტს ასწავლის თვითკრიტიკულ აზრებთან შეკამათებას, ქცევითი ექსპერიმენტების ორგანიზებას და სხვა მეცნიერულად დადასტურებულ თერაპიულ სტრატეგიებს. თერაპევტი და კლიენტი გუნდურად, თანამშრომლობითა და ერთობლივი ძალისხმევით ახერხებენ კლიენტისათვის აქტუალური პრობლემების გადაჭრას. ამ გზით უმჯობესდება კლიენტის ცხოვრების ხარისხი, მცირდება ნეგატიური ემოციების, ფიზიოლოგიური რეაქციების და ქცევის ხელისშემშლელი გავლენა მასზე.

პირველ რიგში ფსიქოთერაპიული პროცესი მიმართულია კლიენტისათვის შემაწუხებელი სიმპტომებისა და სირთულეების გამოვლენაზე. ფსიქოთერაპევტი ისმენს კლიენტის ჩივილებს, კითხვებისა და სპეციალური ტესტების საშუალებით ახდენს მის ფსიქოლოგიურ შეფასებას.