ფსიქოთერაპია.

ფსიქოლოგოიური სირთულეების ახსნა კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის მიხედვით

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია ეფუძნება მოსაზრებას, რომ ადამიანებს შეუძლიათ რეალური სამყაროს შესწავლა, ობიექტური შეფასება და მისი პრინციპებით მოქმედება. სამყაროს ზუსტი შეფასება და მის მოთხოვნებთან შეგუება არის ფსიქიკური ჯანმრთელობის და სტაბილურობის ერთ-ერთი მაჩვენებელი.

ფსიქოლოგიური სირთულეები იწყება მაშინ როდესაც ადამიანები არ იცნობენ თავიანთ სამყაროს სრულყოფილად და ხშირად ვერ ახერხებენ გარემოსთან სრულ შესაბამისობაში ყოფნას. ადამიანს რომელიც სამყაროს დამახინჯებულად აღიქვამს უჭირს სიტუაციის ობიექტური შეფასება, გაცილებით მეტი პრობლემები აქვს ვიდრე მას ვისაც შეუძლია სიტუაციის რეალისტური აღქმა. იმ შემთხვევაში თუ ადამიანი არასწორად აღიქვამს მის გარემოში არსებულ სიტუაციას ეს იწვევს მის დეზადაპტაციას და ამოვარდნას სოციალური გარემოდან. სიტუაციის არასწორ ინტერპრეტაციას მოაქვს შემაწუხებელი ემოციური, ქცევითი და ფიზიოლოგიური რეაქციები. ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული თუ რა რეაქცია ექნება ადამიანის ორგანიზმს გარემოში არსებულ რეალობაზე. რამდენად შემაწუხებელი ან სასიამოვნო იქნება მისთვის სიტუაცია. სიტუაციის აღქმა და ინტერპრეტაცია გამომდინარეობს ჩვენი აზროვნების პროცესიდან. აზრები განაპირობებს ჩვენს ემოციურ რეაქციას სხვადასხვა სიტუაციაში. ის, თუ რას ვფიქრობთ ან რა დასკვნას ვაკეთებთ მოვლენასთან დაკავშირებით, განსაზღვრავს რას ვგრძნობთ და როგორ ვიქცევით სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში.

აზრები, ისევე როგორც მათზე ემოციური და ქცევითი რეაქციები, გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება გახდეს განმეორებადი და ავტომატური. ზოგადი აზრების, დაშვებების და სქემების წარმოშობას განაპირობებს ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილება. ეს დაშვებები და სქემები ასევე გავლენას ახდენს ჩვენს მიერ სამყაროს აღქმაზე. ისინი განგვაწყობენ გარკვეული სახის ფიქრებზე, გავლენას ახდნენ არა მხოლოდ წარსულის მოგონებებზე, არამედ განაპირობებენ ჩვენს მომავალ ქცევას.

როგორ მუშაობს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია?

აზროვნების პროცესები არის შეცნობადი, ის ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა სიტუაციებსა და მათზე ადამიანის ემოციურ, ქცევით და ფიზიოლოგიურ რეაქციებს. აზროვნების ცვლილებით შეგვიძლია მიზანმიმართულად შევცვალოთ ჩვენი რეაქცია გარშემო მიმდინარე მოვლენებზე. სათანადო თერაპიული მხარდაჭერით, ადამიანებს შეუძლიათ გააცნობიერონ საკუთარი აზროვნების პროცესი და შეიტანონ მასში ცვლილებები. ამ გზით ადამიანი ახერხებს გარემოს ობიქტურ შეფასებას, ხდება უფრო ფუნქციონალური და ადაპტირებული.